Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » სტატიები » ეს საინტერესოა

როგორ დავწეროთ CV
როგორ დავწეროთ CV
CV (ავტობიოგრაფიის სპეციფიკური ვარიანტი) განკუთვნილია იმ პირისათვის თქვენს შესახებ მოკლე, საბაზისო
ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს გარკვეულ სასწავლო ან/და საგრანტო-სასტიპენდიო
პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თქვენს მიერ წარდგენილი მიმართვა.
შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი CV იყოს მაქსიმალურად ნათელი, ლაკონური, არათხრობითი
სტილის მქონე, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ CV-ის შედგენის შესახებ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი, დეტალებზე შეთანხმებული
წესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ ყველანაირი კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა,
მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის ამოცანას, მაინც
შესაძლებელია და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის მთავარი მიზანი.
სტრატეგიის უმთავრესი ერთეულები:
* პირველ რიგში: იყავით კეთილსინდისიერები! ნუ გადააჭარბებთ და გააზვიადებთ თქვენს მიღწევებს. "საკუთარი
მონაცემის ცოტათი გაზვიადება”, "მაჩვენებლის ცოტათი მომატება” და მისთანანი, თუნდაც, ერთი შეხედვით, უბოროტო
და შეუმჩნეველი "გაძლიერება” ნიშნავს საბუთების გაყალბებას, რასაც დასავლური საგანმანათლებლო სისტემა არ
პატიობს! ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, არის თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ აშკარად წამგებიანი და "სუსტი”
მხარეებისთვის თავის არიდება, თუკი მათი მითითება ცალსახად მოთხოვნილი არ არის.
* კომპაქტურობა: სასურველია, CV არ იყოს ორ გვერდზე მეტი მოცულობის. ბუნებრივია, ის შეიძლება ოთხ ან მეტ
გვერდსაც შეადგენდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონფერენციაში მონაწილეობასთან, სამეცნიერო-
კვლევითი/ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნებასა და სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება და
შესაბამისი, მისაწოდებელი აუცილებელი ინფორმაცია უხვად გაქვთ. შეეცადეთ, შეხედოთ დოკუმენტს იმ მკითხველის
თვალით, რომელსაც დროის უაღრესად მოკლე დროში უწევს მასთან გაცნობა.
* ადეკვატურობა: შეუძლებელია ყველა საპროგრამო/საგრანტო/სასტიპენდიო განაცხადისათვის შესაფერისი ერთი
სტაბილური ფორმატის მქონე რეზიუმე გქონდეთ. მისი მუდმივი მოდიფიცირება მიზანშეწონილია როგორც პირადი
წინსვლის და ბიოგრაფიის გამდიდრების, ასევე კონკრეტული შემთხვევის (მიზნის, პროგრამის) შესაბამისად. ამ
თვალსაზრისით, მხედველობაში იქონიეთ შედარებით ნაკლებად გადამწყვეტი ინფორმაციის მატარებელი ერთეულების
CV-დან ამოღების შესაძლებლობა. მაგ. თუ CV-ის სამაგისტრო პროგრამისთვის განკუთვნილ განაცხადს ურთავთ, არ არის
სასიცოცხლოდ აუცილებელი, მიუთითოთ, რომელი დაწყებითი/საშუალო სკოლა დაამთავრეთ – იმთავითვე
იგულისხმება, რომ სკოლა დამთავრებული გაქვთ (თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ საშუალო განათლების
მითითება უხეში შეცდომაა!). მთავარია უკანა რიგით შემდგომი, წარმატებით დაძლეული საფეხური და შესაბამისი (მაგ.
ბაკალავრის) დიპლომი მიუთითოთ (შესაბამისი სპეციალობის სრული და ზუსტი დასახელების მითითებით. იხ.
შაბლონი).
* თანმიმდევრულობა და გამართული სტრუქტურა: როგორც აღინიშნა, უნივერსალური წესები არ არსებობს, თუმცა
შეთანხმებული (კონვენციური) ფორმების გამოკვეთა შეიძლება, გამომდინარე CV-ის სტრუქტურის ერთეულების
პრიორიტეტულობიდან (მაგ., ბუნებრივია, პირველ რიგში იწერება პირადი, ძირითადი ინფორმაცია (სახელი, მისამართი,
მოქალაქეობა და ა.შ., ხოლო შემდეგ დანარჩენი), შეგიძლიათ დაიხმაროთ შაბლონი (MS/Word), თუმცა ნიმუშის
გაცნობისას, ამავე დროს, პრაქტიკულია, გაითვალისწინოთ შემდეგი ნიუანსები, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ
კითხვებს უფრო გასცემს პასუხს:
ა) პირადი ცნობები
- მოქალაქეობის გრაფაში მითითების სწორი ფორმაა Georgia (და არა Georgian).
- მიუთითეთ მუდმივი საცხოვრებლის მისამართი (საფოსტო ინდექსითურთ), მაგრამ თუკი განაცხადზე პასუხის მიღების
ვადებში/ხანგრძლივად სხვაგან დაბინავდებით, ხოლო კორესპონდენციის ფორმა არაელექტონული, ტრადიციული
ფოსტაა, მიზანშეწონილია ასევე დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მითითებაც. მისამართის მითითების
წესი და თანმიმდევრობა: ნომერი (ქუჩის), ქუჩის სახელი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia ან ქუჩის სახელი, ნომერი,
საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia. მაგალითად: 3 Gotua Street, 0160, Tbilisi Georgia… ან Gotua Street 3, 0160, Tbilisi Georgia.
რაც შეეხება გრძელ მისამართებს, ისეთს როგორიცაა მაგ. დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე12 კორპუსი, ბინა 24, 0159,
თბილისი საქართველო… ამის ინგლისური ვარიანტი იქნება, პირდაპირი თარგმანი, რადგან მსგავსი მისამართები
დასავლეთში არ არის… ანუ Digmis Masivi, Quart III, Build. 12, Apt. 24, 0159, Tbilisi, Georgia ან უფრო მოკლედ:Digomi IIIXII-
12. Tbilisi, Georgia 0159.
- მიღებული სტილი: კარგი იქნება, თუ ამ პირველ სექტორს ("პირადი ცნობები”) შედარებით პატარა ზომის ფონტით
შეავსებთ, ანუ გამოყოფთ სხვა სექტორებისგან, ხოლო, ამავდროულად, სახელს და გვარს მსხვილი შრიფტით (Bold)
აკრიფეთ.
- თუ CV-ის ზომის მაქსიმალურად დაპატარავება გსურთ, შეგიძლიათ სათაურად ატანილი Curriculum Vitae წაშალოთ.
სტრუქტურის გამართულუბის შემთხვევაში, კომპეტენტური პირი თვალის ერთი გადავლებითაც მიხვდება, რა სახის
დოკუმენტთან აქვს საქმე. შესაბამისად, ამის ნუ შეგეშინდებათ. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ მცირეფექტიანი,
პატარა ტექნიკური ხერხია, ისევ და ისევ: ყურადღება მიაქციეთ, რომ CV არ იყოს თხრობით, ნარატიულ სტილში, პირველ
პირში მოთხრობილი ტრადიციული ქართული (საბჭოთა) ფორმატის ბიოგრაფია – ამით მისი სიგრძე უსაშველოდ
გაიზრდება, და, რაც მთავარია, დიდი შანსია, რომ არც არავინ წაიკითხოს – ფორმატის დარღვევა უხეში შეცდომაა.
ბ) განათლება
თქვენი მომავალი CV განკუთვნილია იმ ადამიანისთვის, ვისაც, პირველ რიგში ევალება თქვენი განათლების დონის
შეფასება. შესაბამისად, ეს დოკუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რეკომენდებულია ერთეულების
ქრონოლოგიური უკუსვლით ჩამოწერა (ყველაზე გვიანი ზემოთ. იხ. შაბლონი) და რაც მთავარია, ამგვარი (ან თუნდაც
საპირისპირო) სტილის ერთგვაროვნების ყველგან დაცვა.
გ) "წარმატებები და გამოცდილება”
"წარმატებებისა და გამოცდილების” სექტორი შეგიძლიათ ორად გაყოთ, გააჩნია, როგორ გაწყობთ. თუ ბევრი არაფერი
გაქვთ საწერი ამ თვალსაზრისით, შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, სჯობს, "გაამსხვილოთ” ერთ კატეგორიაში,
როგორც აქ არის ფორმულირებული. პრიზები, ე.წ. "დიპლომები”, სერთიფიკატები (არა ენაში კომპეტენციის!),
ექსპედიციები (მხოლოდ რელევანტური! არავის აინტერესებს, გასართობად სად იბანაკეთ!), ოლიმპიადაზე მიღწეული
წარმატებები ამ სექტორში შეიტანეთ. შეეცადეთ, მაქსიმალურად კონკრეტული ინფორმაცია მიუთითოთ (მიღების დრო,
ადგილი, ღონისძიების ორგანიზატორი).
- როგორც წესი, მიღებულ სტიპენდიებსაც აქ წერენ, თუმცა პირადად მე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სასტიპენდიო
პროგრამები საგანმათლებლოა და აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მოპოვებით სრულდება, მათ შესახებ
ინფორმაცია "განათლების” სექტორში მაქვს ინტეგრირებული.
- CV-ს გარკვეულწილად გააძლიერებს შემდეგი მიდგომა: ყველანაირი მიღებული გამოცდილება (ოლიმპიადა, შეჯიბრი
და ა.შ.) ყოველთვის "ტრიუმფალური” და "მედლიანი” ვერ იქნება; ნურც მონათლავთ ასეთად, მაგრამ ნურც დააკნინებთ –
გამოცდილება და პრაქტიკის გავლა ყოველთვის პოზიტიურია და თუკი რამ გაქვთ, გამოყავით ცალკე "გამოცდილება” და
დაწერეთ! CV უნდა იყოს გამოცდილებით და პარქტიკით უხვი და არა "სუპერმენის” ბიოგრაფია; დაივიწყეთ მცდელობა,
თავი წარმოაჩინოთ იმაზე გამორჩეულ და შთამბეჭდავ პიროვნებად, ვიდრე თქვენი ფორმალური სტატუსი ამას
მოითხოვს. ეს შეეხება სამუშაო გამოცდილებასაც – ამ შემთხვევაში თითქმის არ არსებობს "არაპრესტიჟული სამსახური”,
ყველანაირი სამსახურეობრივი, თუნდაც დროებითი გამოცდილება ვერ იქნება პროფესიული, პრაქტიკული
კომპეტენციის მანიშნებელი და ამას არც არავინ ელის ახალგაზრდა სტუდენტისგან, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს
კონკურსის დროს ქართულ დიპლომებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
დ) extracurricular activities
შემდეგ სექტორად გამოყოფენ ე.წ. extracurricular activities, ანუ იმ საქმიანობას, რაც სცდება ფორმალურ სასწავლო
პროცესს და გულისხმობს ინტელექტუალურ, შემოქმედებით, საზოგადოებრივ აქტივიზმს. ეს განსაკუთრებით
მომგებიანია ხოლმე სამუშაო განაცხადისათვის, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, არც სწავლის გაგრძელების მოსურნეს
დაახასიათებს ცუდად. ამით საშუალება მიეცემა მკითხველს, შთაბეჭდილება შეექმნას თქვენზე, როგორც
საზოგადოებრივად აქტიურ, ინიციატივიან, პერსპექტიულ ახალგაზრდაზე, რომელზეც იმედების დამყარება შეიძლება.
რაღა თქმა უნდა, ეს სექტორიც შეიძლება გაერთიანდეს "წარმატებებისა და გამოცდილების” ან თუნდაც "ჰობის”
ნაწილთან, თუმცა, სასურველია, ცალკე იყოს.
ე) უცხო ენები
ბოლო წლებში უცხო ენაში კომპეტენციის გასარკვევად თვითშეფასებისთვის სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება.
ძირითადად, ეს სფერო სერთიფიცირებულია და, რა ხანია საერთაშორისო სტანდარტიზაციის გზას ადგას. იშვიათ
შემთხვევაში, თუკი კონკრეტული სერთიფიკატის სპეციფიკური დონე არ არის მოთხოვნილი ან/და ენაში ტესტირება
მხოლოდ საბუთების გადარჩევის შემდეგ გელით, ამავდროულად კი CV-ის კონკრეტული შაბლონი კონკურსის
ორგანიზატორების მიერ არ არის მოწოდებული, სადაც ყველანაირი შეფასების გრაფა (და შესაბამისი ფორმატი და
სტილი) მოცემულია, მაშინ შეაფასეთ თქვენი თავი პირობითი/ზოგადი სკალირების რამოდენიმე დონით
(beginner/conversational, intermediate, advanced, fluent ან ეკვივალენტური, სტანდარტული დახასიათებით).
შაბლონში მოცემულა თვითშეფასების სპეციალური მოდელი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაჰყევით იქვე
მითითებულ ბმულს.
და ა.შ…
ზემოთ ჩამოთვლილი სექტორები ძირითადი და აუცილებელია. როგორც წესი, სპეციალური უნარ-ჩვევების
(კომპიუტერის ფლობა და ა.შ.) და ჰობის განყოფილებათა დართვა მეტ-ნაკლებად ინდივიდუალური არჩევანის საგანია,
ამავდროულად, როგორც წესი, რეკომენდებული და სასურველი. ერთადერთი ამოცანაა, ამ საქმეშიც რაციონალურობა
გამოიჩინოთ და განაცხადის მიზნებთან მაქსიმალურად ახლოს დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოთ. მაგალითად,
Windows-ის საოფისე პროგრამების კარგად ფლობა, აკადემიური წერის დასავლური სტანდარტების ცოდნა და
ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლად მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქ მხოლოდ საქმეს წაადგება; პერსონალური ჰობის
მითითებისას პრიორიტეტი (რა თქმა უნდა, რეალობის შესაბამისი) ისეთი საქმიანობის აღნიშვნას მიანიჭეთ, რომელიც
სტერეოტიპულ პოზიტივზეა გათვლილი; მაგ. თუ ლუდის ბანკების კოლექციონირება და ჭადრაკის თამაში გიტაცებთ,
იმთავითვე გასაგებია, რომელი უფრო შთამბეჭდავი იქნება ნუ დაწერთ, რომ "კითხვა გიყვართ”, ცოტათი დააკონკრეტეთ
– სამეცნიერო თუ ბელეტრისტიკა… ან ერთი-ორი ჟანრი ახსენეთ, მოკლედ, თავად უკეთ იცით…
* სააპლიკაციო დოკუმენტების სისრულე: ეს საკითხი უშუალოდ CV-ის გამართულად და ხარისხიანად შედგენის
ამოცანას არ ეხება, თუმცა მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ: რეზიუმე არ წარმოადგენს ე.წ. "სამოტივაციო წერილს”,
ხოლო ეს უკანასკნელი, როგორც წესი, სტანდარტული, მოთხოვნილი დოკუმენტია, სადაც უფრო დეტალურად,
თხრობით და არგუმენტირებულ სტილში ასაბუთებთ თქვენს სურვილს (არა უბრალოდ სურვილს, არამედ იმას, თუ
რატომ გსურთ – საფუძველს, მოტივაციას!), მონაწილეობა მიიღოთ გარკვეულ სასწავლო/საგრანტო/სასტიპენდიო
პროგრამაში. თუ გამოქვეყნებულ განცხადებაში სამოტივაციო წერილი (motivation letter, cover letter) მიწოდების
მოთხოვნა არ არის, 95%-იანი შანსია, რომ მისი გაგზავნა მართლაც არ იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში
საკონკურსო/საკომისიო პირისათვის/ჟიურისთვის ის იქნება არასასრუველი "მაკულატურა”. მაგრამ (!) დაბეჯითებით
გირჩევთ, მრავალგზის გადაამოწმოთ მოთხოვნის პირობები. თუკი რამ გაეჭვებთ, პროგრამის საკონტაქტო პირთან ელ-
ფოსტის საშუალებით კომუნიკაცია არასდროს არის წამგებიანი.
* დროის მენეჯმენტი: ყურადღება მიაქციეთ, რისთვის წერთ CV-ს! ვადები ყოველთვის დათქმულია, ამიტომ თადარიგი
დაიჭირეთ. თუ ატყობთ, რომ, ჩვენი ბიუროკრატიის გადამკიდე, რომელიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის (მაგ.
დიპლომის და ნიშნების ფურცლის ნოტარიალურად დამოწმებული ასლის) დართვა სააპლიკაციო საბუთებში ვერ
ესწრება, მიმართეთ სასტიპენდიო/სასწავლო პროგრამის კონკრეტულ საკონტაქტო პირს და ჩააყენეთ საქმის კურსში.
როგორც წესი, კომპრომისზე მიდიან. თუკი შედარებით "ნაკლებად სასიცოცხლო” დოკუმენტების (სერთიფიკატების,
კონკურსებში გამარჯვების მოწმობების და ა.შ.) დართვას ვეღარ ახერხებთ და მათი არარსებობა თქვენს CV-ის იმთავითვე
არ "დაბრაკავს”, ამ დროს კი გაცილებით გადაუდებელი საქმე გაქვთ, შეგიძლიათ მიუთითოთ – available at request.
სულ ეს იყო. ბუნებრივია, კიდევ ათასი დეტალია. ამ წერილის მიზანი მხოლოდ დამწყებთათვის დახმარების გაწევაა,
მათთვის, ვისაც CV-ს მომზადების მცირე გამოცდილება აქვს.
კატეგორია: ეს საინტერესოა | დაამატა: მიშო (2012-08-23)
ნანახია: 1510 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.